Tuesday, October 28, 2008

ბიოგრაფია

...პაუ გრანდეში მხოლოდ სამი ათასი მაცხოვრებელია. ეს პატარა დასახლება რიო დე ჟანეიროდან ოთხმოც კილომეტრშია და იმითაა ცნობილი, რომ იქ 1933 წელს დაიბადა მანუელ ფრანსისკო დუშ სანტუში. დაიბადა ფეხბურთისთვის და უცნაური ფეხებით. მამამისის აზრით, პატარა მანე ბიძამისს, უფროს მანუელს დაემსგავსა, რომელიც ძალიან დაღუნულფეხება იყო. სანამ გარინჩა ფაბრიკაში დასაქმდებოდა, მშობლებს ეხმარებოდა ლუკმაპურის შოვნაში - ტყეში ხილს აგროვებდა და კვირის ბოლოს ბაზარზე გაჰქონდა გასაყიდად. კვირაობით თანატოლებთან ერთად აგორებდა ბურთს. მაშინ მარცხენა ნახევარმცველად იყო გამწესებული. ყმაწვილი გარინჩა მალე გახდა ოლქის საუკეთესო მოთამაშე სა უკვე 14 წლისა "პაუ გრანდეს" ღირსებას იცავდა. იგი უფროსების წინააღმდეგ თამაშობდა, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს, თავბრუ დაეხვია ორჯერ მაღალი და ძლიერი მცველებისთვის. ნელ-ნელა ოლქსაც გასცდა მისი ამბავი და გარინჩა "სეანოში" - ქალაქის ყველაზე პოპულარულ კლუბში მიიპატიჟეს.

გარინჩა თავიდან "ვასკო და განაში" მივიდა უწერილოდ, უნაცნობოდ, უბუცებოდაც კი. ეცვა ძველი, გადაკერებული შარვალი და დაძონძილი პერანგი.მას არავინ მიაქცია ყურადღება. იგივე განმეორდა "ფლუმინენსეში" და "სან კრისტოვაოში". კიდევ კარგი შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - "ბოტაფოგოს" სათადარიგოთა ფეხბურთელი არატი ერთ მშვენიერ დღეს პაუ-გრანდეში მეგობრების მოსანახულებლად ჩავიდა და როგორც ცნობილ ადამიანს, ფაბრიკის სტადიონზე გასამართი მატჩის მსაჯობა სთხოვეს. არატიც დათანხმდა და გაოცებული უყურებდა თუ როგორ გაიტანა ოთხი გოლი ერთ-ერთი გუნდის მარჯვენა გარემარბმა. გარინჩასთვის ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მიუცია, ისე გააქანა "ბოტაფოგოში". "აბა მანახე პატარავ, რა შეგიძლია. ჰა შენ ბურთი" - გულღიად შეხვდა გარინჩას მომავალი მწვრთნელი და ბურთი გადაუგდო. მანეს არც უცლია მისთვის მიწაზე დაშვება, მკერდით მიიღო, მუხლზე დაიგდო, ისევ მკერდი, მხარი, თავი... კარდოსოსთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელობა - ბურთით ჟონგლიორობა ხომ ბრაზილიაში ყველას ეხერხება, მაგრამ მწვრთნელი ერთი რამით დარჩა გაკვირვებული - სისწრაფით, რომლითაც უცნობი ყმაწვილი ბურთს ამუშავებდა. მან ჟესტით მიუჩინა გარინჩას მოედნისკენ, სადაც "ბოტაფოგოს" ძირითადი შემადგენლობა ვარჯიშობდა.

იქ მანემ მყისვე შეამჩნია ნილტონ სანტოსი და თავში მეტად თავხედური იდეა მოუვიდა: განთქმული მცველისთვის ბურთი ფეხებს შუა გაეტარებინა. შესაფერისი მომენტი მალე დადგა და თვითმხილველთა გასაოცრად, მან წამში თავბრუ დაახვია დიდ ნილტონს. ეს ფინტი კიდევ ორჯერ გაიმეორა და როდესაც ვარჯიში დამთავრდა, სანტოსმა კორდოსოს უთხრა:
"თუ ეს ბიჭი სხვა გუნდში ჩაირიცხება, წყნარად აღარ დამეძინება, ხოლო თუ ჩვენთან დარჩება, სხვა მცველები ვეღარ დაიძინებენ!" დონ ჟენტილმა კეპი მოიხადა, ნილტონს ხუმრობით ჩამოართვა ხელი და უპასუხა: " როგორც იქნა, ფეხბურთში გარკვევა დაიწყე..."

...გარინჩა ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე ოფიციალურად 1957 წელს მიიწვიეს. ეროვნული ნაკრების უფროსობამ მანე ლიმაში, სამხრეთ ამერიკის პირველობაზეც წაიყვანა. საბოლოოდ ბრაზილია 0:3 სამარცხვინო მარცხის შემდეგ გამოეთიშა ტურნირს. ბრაზილიის ერივნული გუნდის ხელმძღვანელობა საბოლოოდ დარწმუნდა ახალი ძალის საჭიროებაში. სწორედ ამიტომ გამოჩნდა სამსოფლიოჩემპიონატო განაცხადში ორი ახალი სახელი - გარინჩა და პელე.

გარინჩას ცხოვრებაზე თხრობისას ძნელია გვერდი აუარო სახელოვან "მარაკანას", რომელზეც მან არაერთი ჩინებული მატჩი ჩაატარა. მანეს ძალიან უყვარდა ამ სტადიონზე თამაში. უყვარდა არხიბანკადიდან (ზედა, იაფი იარუსი, ბეტონის სკამებით) წამოსული დოლის ხმა.

"მარაკანა" დღემდე რეკორდსმენია დასწრების მხრივ. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში იქ ყველაზე მეტი საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა. ეს სტადიონი არცთუ სასიამოვნო რეკორდის მფლობელიცაა - იქ ყველაზე მეტმა გულშემატკივარმა დაასრულა სიცოცხლე. თუმცა მარაკანაზე ბევრი სასიამოვნოც მომხდარა. თავისი საუკეთესო "ხმელი ფოთოლი" დიდიმ სწორედ იქ შეასრულა და ეს გოლი ისტორიული გამოდგა - პირველი მარაკანაზე (1950 წელი) ...დეკემბერი, 1982 წელი. გარინჩა ნელ-ნელა უახლოვდება აღსასრულს. დედაქალაქში გამართული მატჩის შემდეგ ის ხვდება, რომ ფეხბურთი მისთვის დამთავრდა. შობაზე ცუდად გახდა, დროის შეგრძნება დაკარგა, შინ ქაიკეტა, არავის ელაპაკებოდა.

გარინჩა ექიმმა ოც იანვარს, პალატაში, ძირს იპოვა მკვდარი დილის ექვს საათზე. თავიდან ეგონა რომ ღამით ლოგინიდან გადავარდა და თავი დაიზიანა, მაგრამ დათვალიერების შემდეგ ვერანაირი ტრამვა ვერ აღმოუჩინეს. მერე უხმო ექიმს რომელმაც სიკვდილის მიზეზად ოფიციალურად დაადგინა ალკოჰოლიზმი და ნერვული სისტემის მოშლილობა.

მანეს დასაფლავებაზე ერთი ამბავი იყო, დაახლოებით სამასი ათასი ადამიანი მიაცილებდა გენიოსის ცხედარს. ყველა ტიროდა, ყველას დაწყვიტა გული ჯადოქრის ნაადრევმა სიკვდილმა... თეთრ მარმარილოს ქვაზე კი ეწერა: აქ განისვენებს ადამიანი, რომელიც ხალხის სიხარული იყო.

ქრონოლოგია

თამაში დაიწყო პაუ-გრანდეს საფეიქრო ქარხნის სხვადასხვა გუნდში.
1947 - ჩაირიცხა პაუ-გრანდეს პირველ გუნდში.
1948 - გამოდიოდა პაუ-გრანდეს და პეტროპოლისის სხვადასხვა კლუბში.
1949-53: პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და თამაშობდა "პაუ გრანდეში"
1953-65: "ბოტაფოგო" (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, 608 თამაში, 245 გოლი)
1965-68: "კორინთიანსი" (სან პაულუ, ბრაზილია)
1968: "ატლეტიკო" (ბარანკილია, კოლუმბია)
1968-69: "ფლამენგო" (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია)
1971: "რედ სტარი" (პარიზი, საფრანგეთი)
1957, 61, 62, რიოს შტატის ჩემპიონი
ბრაზილიის ნაკრებში 1955-66 წლებში გამართა 58 მატჩი და გაიტანა 15 გოლი.
მსოფლიოს 1958, 62, 66 წლების ჩემპიონატების მონაწილე.
1958, 62 - მსოფლიოს ჩემპიონი
1962 - მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
1962 - მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (ოთხი გოლით).

მოკლე ბიოგრაფია

      მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს (დაიბადა 1933 წლის 28 ოქტომბერს, გარდაიცვალა 1983 წლის 20 იანვარს), ცნობილი როგორც გარინჩა - ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატებში გამარჯვებულ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.
      დაიბადა პაუ-გრანდეში, მაგეს ოლქი, რიო-დე-ჟანეიროს შტატი, 1933 წელს. დაბადებისას ორივე ფეხზე ნაკლი ჰქონდა: მარცხენა ფეხი შიდა მოღუნვით, ხოლო მარჯვენა ფეხი კი ექვსი სანტიმეტრით მოკლე იყო გარე მოღუნვით; მიუხედავად ამისა ის დღემდე ფეხბურთის უდიდეს მოთამაშედ ითვლება (მრავალი ექსპერტის აზრით, ის იყო ყველაზე მარჯვე, ტექნიკური ფეხბურთელი იყო, რომელიც კი ოდესმე ბრაზილიიდან გამოსულა და ტალანტით პელესაც კი აღემატებოდა). მისი გარღვევის სტილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მას უდიდეს შოუმენს უწოდებდნენ ფეხბურთის მოედანზე.